logo
ENG



პრეზიდენტი: არავინ, გარდა ერთი ადამიანისა [ვიქტორ ორბანი] არ აღიარებს ამ არჩევნებს

28 ოქტ 202419:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/28/w46iapp954ie3gf.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ დღის განმავლობაში არაერთ ევროპელ კოლეგას ესაუბრა და ყველა ამბობს, რომ არავინ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგს, გარდა ერთი ადამიანისა - უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანისა.

მან თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას წაართვა ხმები, პარლამენტი, კონსტიტუცია და ყურადღება გაამახვილა მომდევნო სამუშაოებზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს ოპოზიციის, საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რათა "დაიდოს შედეგი".

"ახლა მე მინდა გითხრათ, მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში - მე დღეს მივეცი, თუ არ ვცდები, 17 ინტერვიუ უცხოურ მედიას, რომ ავხსნა, აქ რა მოხდა. ვესაუბრე 6, მათ შორის ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს. ვესაუბრე საგარეო მინისტრებს, თქვენ ალბათ წაიკითხავდით, ყველა შეფასებას და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და რაც მოდის ასევე ამერიკიდან, სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო განცხადება [ვნახეთ]. ყველა გვეუბნება ერთ რამეს, ჯერ ერთი, არავინ, გარდა ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა [ვიქტორ ორბანმა], არავინ აღიარებს ამ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ და სხვათა შორის, შეიძლება ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე.

ამაში აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი სადამკვირვებლო, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად და თქვენი დახმარებით, იმიტომ რომ თქვენც გაქვთ ხელთ ძალიან ბევრი მტკიცებულება, უნდა შევქმნათ სრული სურათი, თუ როგორ მოხდა ის უნახავი, უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ხმების ასე მასობრივად, ასე სისტემურად, ეს არის უზარმაზარი ოპერაცია, წინასწარ დაგეგმილი, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მერე ყველა აქ პოლიტიკური პარტიები თქვენ გეტყვიან, როგორ აპირებენ მოქმედებას. ჩვენ ერთად ვართ, არავინ არ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში. ერთად ვართ და ერთად, ძალიან მშვიდობიანად, როგორც ხართ დღეს, დავიცავთ იმას, რაც არის ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ხმა იყოს დაცული.

კიდევ ერთ რამეს გეტყვით, დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელების ჩაქნევის, არც შეგუების, დრო არის იმის, რომ ჩვენ ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა", - თქვა პრეზიდენტმა. 


close დახურვა